I Play
„მე ვთამაშობ“ – მარიამ ნატროშვილის და დეთუ ჯინჭარაძის ვიდეო ნამუშევარია, რომელიც საქართველოში გემბლინგს, აზარტულ თამაშებს ეხება. ვიდეო საქართველოში ჩაწერილ ზეპირ ისტორიებზე დაყრდნობითაა შექმნილი. საქართველოში ყველა მეათე ადამიანი თამაშობს. თამაშობენ ტოტალიზატორში ან სლოტებში, ხელზე ან კაზინოში. თამაშობენ და აქვთ იმედი, რომ შეუძლებელ ან დაკარგულ კეთილდღეობას დაიბრუნებენ. დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა შემდეგ ფსონზე, მაზზე, ჩემპიონატზე გაუმართლებთ და ამოიღებენ არა მარტო უკვე წაგებულ, არამედ ჯერ არწაგებულ ფულსაც. მოიგებენ უზრუნველ ცხოვრებას, ათი წლის ხელფასს, ერთი თვის სარჩოს ან ერთი ღამის გასართობ ფულს. ერთი შეხედვით იოლი ფული ვალებით მთავრდება. ვალები დაცარიელებულ სახლებად, დანგრეულ ოჯახებად, დაკარგულ მეგობრებად იქცევა. თუ ადრე მოთამაშეები სათამაშოდ კაზინოში, ტოტალიზატორში ან სლოტებში უნდა წასულიყვნენ, დღეს კაზინო ჯიბეშია – ყველგან, სადაც ინტერნეტია. მოთამაშეების დიდი ნაწილი ტელეფონში, ონლაინ თამაშობს. რულეტკა, სლოტები, პოკერი, ნარდი და ბურა – ტელეფონში ყველაფერია. სხვისი თუ საკუთარი ექაუნთებით, სოფლებსა თუ ქალაქებში, ცენტრსა თუ გარეუბანში, ტელეფონის ეკრანებს მიჩერებული ახალგაზრდა კაცები აგებენ ყველაფერს რაც აქვთ – ფულს და დროს. ლუდომანია, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება კანონში განიმარტება როგორც აზარტული თამაშის გაგრძელების დაუძლეველი სურვილი, მიუხედავად შესაძლო ნეგატიური და დამღუპველი შედეგისა. ლუდომანია ლათინური სიტყვაა. Ludo – ნიშნავს “მე ვთამაშობ”.